Lazaria
პროფილიკალათა

თანხის დაბრუნების პირობები

ბოლო განახლება: 27 ნოემბერი, 2026

ეს პირობები ეხება Lazariastudio-ზე შეძენილ ციფრულ თარგებს, ვიდეოგაკვეთილებსა და წევრობას. ჩვენი მიზანია, მიიღოთ შეძენილი მასალა და საჭიროებისას აღმოვფხვრათ ტექნიკური პრობლემა. ქვემოთ მოცემული წესები არ ზღუდავს კანონით მინიჭებულ სავალდებულო უფლებებს.

1. ციფრული მასალა და აზრის შეცვლა

თუ მომხმარებელმა უკვე ჩამოტვირთა PDF ფაილი ან გამოიყენა შეძენილი ვიდეოგაკვეთილი ან სხვა მასალა, მხოლოდ აზრის შეცვლის გამო თანხის ნებაყოფლობით დაბრუნებას არ ვთავაზობთ. შეძენამდე გთხოვთ, გადაამოწმოთ აღწერა, ზომა, ფორმატი და პროდუქტის შემადგენლობა.

მხოლოდ ჩამოტვირთვის ან გამოყენების ფაქტი ყველა შემთხვევაში ავტომატურად არ აუქმებს კანონით მინიჭებულ უარის თქმის უფლებას. საქართველოს კანონით ციფრული შინაარსისთვის გათვალისწინებული გამონაკლისის გამოყენება დამოკიდებულია შესრულების დაწყებაზე მომხმარებლის წინასწარ თანხმობასა და მის ინფორმირებაზე შესაბამისი უფლების დაკარგვის შესახებ. თუ გამონაკლისის წინაპირობები არ შესრულებულა, კანონით არსებული უფლება ძალაში რჩება.

ჩამოტვირთვამდე ან მასალის გამოყენებამდე მოთხოვნებს განვიხილავთ შესაბამისი გარემოებებისა და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. სადაც ხელშეკრულებაზე უარის თქმის 14-დღიანი ან სხვა სავალდებულო უფლება მოქმედებს, ამ პოლიტიკით ის არ იზღუდება.

2. წევრობა და ავტომატური განახლება

ავტომატური განახლება არჩევითია. ჩართვისას მომხმარებელი ეთანხმება მითითებული თანხის პერიოდულ ჩამოჭრას. მისი გამორთვა მომდევნო გადახდამდე შესაძლებელია განყოფილებიდან „ჩემი წევრობა“.

თუ ავტომატური განახლება თქვენი თანხმობით იყო ჩართული და გადახდა შესაბამისი პირობებით შესრულდა, მხოლოდ იმის გამო, რომ მისი გამორთვა დაგავიწყდათ ან წევრობით აღარ სარგებლობთ, თანხის ნებაყოფლობით დაბრუნებას არ ვთავაზობთ. გამორთვა არ აუქმებს უკვე გადახდილ პერიოდს; ამ პერიოდის სარგებელი დასრულებამდე ნარჩუნდება.

თუ მიიჩნევთ, რომ განახლება თქვენი თანხმობის გარეშე მოხდა, თანხა არასწორია ან გაუქმების მიუხედავად ჩამოგეჭრათ, დაგვიკავშირდით. თანხმობის, გაუქმებისა და გადახდის ჩანაწერებს გადავამოწმებთ. ეს დებულება არ ზღუდავს უნებართვო ან მცდარი ჩამოჭრის გასაჩივრებასა და კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.

3. მასალა არ გამოჩნდა ან ტექნიკურად არ მუშაობს

თუ წარმატებული გადახდის შემდეგ მასალაზე წვდომა არ გაქვთ, ფაილი დაზიანებულია ან ვიდეო არ ირთვება, მოგვწერეთ [email protected]ზე ან დაგვიკავშირდით WhatsApp-ით. მოგვაწოდეთ ანგარიშის ელფოსტა, პროდუქტის დასახელება, გადახდის თარიღი და პრობლემის აღწერა; საჭიროების შემთხვევაში დაურთეთ ეკრანის სურათი პირადი საბანკო მონაცემების გარეშე.

პირველი ნაბიჯია გადახდის გადამოწმება და პრობლემის გამოსწორება — წვდომის აღდგენა, მოქმედი ფაილის მიწოდება ან ვიდეოს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ტექნიკური შეფერხება თავისთავად არ ნიშნავს ავტომატურ ანაზღაურებას.

თუ პრობლემის გამოსწორება ვერ ხერხდება ან მოქმედი კანონმდებლობით სხვა საფუძველი არსებობს, გამოიყენება შესაბამისი სამართლებრივი საშუალება, მათ შორის თანხის დაბრუნება, როდესაც ის სავალდებულოა. ტექნიკური პრობლემის მოგვიანებით შეტყობინება თავისთავად არ აუქმებს კანონით მინიჭებულ უფლებებს.

4. დუბლირებული ან არასწორი ჩამოჭრა

ერთი და იმავე შეკვეთისთვის ორმაგი ჩამოჭრის ან შეკვეთის თანხასთან შეუსაბამო ჩამოჭრის შემთხვევაში დაგვიკავშირდით. გადავამოწმებთ ჩვენსა და საგადახდო პროვაიდერის ჩანაწერებს. დადასტურებული ზედმეტი ჩამოჭრა გასწორდება და შესაბამისი თანხა დაბრუნდება; ეს არ ითვლება გამოყენებული ციფრული პროდუქტის გამო აზრის შეცვლად.

ბანკის ამონაწერში დროებით დაბლოკილი და საბოლოოდ ჩამოჭრილი თანხა შეიძლება განსხვავებულად ჩანდეს. გადამოწმებისას შესაძლოა საჭირო იყოს საგადახდო პროვაიდერთან დამატებითი მოკვლევა.

5. მოთხოვნის განხილვა და ანაზღაურება

ყველა მოთხოვნა განიხილება წარმოდგენილი ინფორმაციისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში მოგთხოვთ დამატებით ცნობებს შეკვეთის იდენტიფიცირებისთვის. ბარათის სრულ მონაცემებს, უსაფრთხოების კოდს ან პაროლს არ მოგთხოვთ.

როდესაც თანხის დაბრუნების საფუძველი დადასტურებულია, დაბრუნება განხორციელდება კანონით დადგენილ ვადაში, ჩვეულებრივ თავდაპირველი გადახდის საშუალებით. ანგარიშზე ასახვის დრო ასევე დამოკიდებულია ბანკსა და საგადახდო სისტემაზე. სავალდებულო ანაზღაურებიდან საკომისიოს დაქვითვა მოხდება მხოლოდ მაშინ, თუ ეს კანონით დასაშვებია.

თხოვნის განხილვისთვის დაგვიკავშირდით ელფოსტაზე [email protected] ან ნომერზე +995 558 188 800. პასუხი და მოთხოვნის შედეგი შეგატყობინებთ თქვენ მიერ მითითებული საკონტაქტო საშუალებით.

6. მოქმედი სამართალი და მომხმარებლის უფლებები

პირობები ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას და იკითხება წესებსა და პირობებთან ერთად. მათში მოცემული შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ კანონით დასაშვებ ფარგლებში. სხვა ქვეყნის მომხმარებლისთვის მოქმედი სავალდებულო დაცვის ნორმები ძალაში რჩება.

შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სხვა უფლებამოსილ ორგანოს ან შესაბამის სასამართლოს. ინგლისური ვერსია მომზადებულია ქართულიდან; განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ქართულ ტექსტს, სავალდებულო მოქმედი ნორმების გათვალისწინებით.

საკონტაქტო ინფორმაცია

შეკითხვებისთვის, თანხის დაბრუნებისა და კონფიდენციალურობის მოთხოვნებისთვის დაგვიკავშირდით ამ ელფოსტაზე.

მეწარმის რეკვიზიტები — წესები და პირობები